შეერთებულ შტატებში ასობით საერთაშორისო სტუდენტმა მიიღო ბრძანება, დატოვონ ქვეყანა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა მათი F-1 სტუდენტური ვიზები, მიზეზად დასახელდა სასწავლებლების კამპუსების აქტივიზმში და ონლაინ აქტივობაში მონაწილეობა, რომელიც ანტიეროვნულად იქნა მიჩნეული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება საკონსულოებისთვის, რათა შეამოწმონ სტუდენტური ვიზები უფრო საფუძვლიანად “ტერორისტული აქტივობის” თვალსაზრისით.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ახალი სტანდარტი ვიზაზე უარის თქმისთვის, რომელიც ეფუძნება სოციალური მედიის პოსტებს, ფინანსურ შემოწირულობებსა და საეჭვო ორგანიზაციების წევრობებსა თუ მოწონებებს სოციალურ მედიაში.

საკონსულო ოფისებს დაევალათ, მნიშვნელოვნად გააფართოვონ სტუდენტური ვიზის განმცხადებლების შემოწმების პროცესები, მათ შორის სოციალური მედიის ყოვლისმომცველი სქრინინგით, რათა გამოირიცხონ ის პირები, რომლებსაც ისინი ტერორიზმის მხარდამჭერებად მიიჩნევენ.

მას შემდეგ, რაც არაერთი გახმაურებული ვიზების გაუქმება და მიზანმიმართული დაკავებები მოხდა პალესტინის მხარდამჭერი აქტივიზმის გამო, საკონსულოებისთვის დაგზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტის 25 მარტის დირექტივა აღწერს ვიზაზე უარის თქმის ახალ სტანდარტს, რომელიც ეფუძნება “ტერორისტული აქტივობის” მხარდაჭერის ფართო განმარტებას.

დირექტივაში ნათქვამია, რომ “მტკიცებულება, რომ განმცხადებელი მხარს უჭერს ტერორისტულ აქტივობას, ან სხვაგვარად ავლენს საჯარო მხარდაჭერას ან ადვოკატირებას ტერორისტული აქტივობის ან ორგანიზაციის მიმართ”, შეიძლება გახდეს ვიზის უარყოფის საფუძველი.

იგი სპეციალურად მიმართულია F, M და J ტიპის სტუდენტური ვიზების ახალ და განახლებულ განაცხადებზე, რაც საკონსულო ოფიცრებს აძლევს პირდაპირ მითითებებს, ჩაატარონ სავალდებულო სოციალური მედიის შემოწმება განმცხადებლების ონლაინ ცხოვრების გამოსაკვლევად.

ოფიცრებს დავალებული აქვთ შეისწავლონ ყველა სტუდენტური ვიზის მომთხოვნი პირის სოციალური მედია ანგარიშები უფრო დეტალურად და საფუძვლიანად, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა, რათა აღმოაჩინონ აქტივობები, რომლებსაც ადმინისტრაცია ეროვნული უსაფრთხოების ან ტერორიზმის საფრთხედ განსაზღვრავს.

უფრო მეტიც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი (AI) იმ უცხოელი სტუდენტების ვიზების განხილვისა და გაუქმებისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან პალესტინის ჰამასის მებრძოლების მხარდაჭერაში.

ინიციატივა, რომელსაც “დაიჭირე და გააუქმე” (CATCH AND REVOKE) ეწოდა, მოიცავს AI-ის დახმარებით სოციალური მედიის ანგარიშების ანალიზს, რომლებიც ეკუთვნის სტუდენტური ვიზის უკვე მფლობელ სტუდენტებს. ეს ძალისხმევა მოჰყვა პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ იანვარში გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს ანტისემიტიზმთან ბრძოლას.

რაც შეეხება ვიზის მოთხოვნის პროცესს, სოციალური მედიის ანგარიშების მითითება სავიზო აპლიცაციებში (განაცხადებში) აქამდეც ხდებოდა, მაგრამ მას ადრე ნაკლები როლი ენიჭებოდა, ახლა კი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სავიზო განაცხადის გაკეთების დროს.

ამიტომ განსაკუთრებით მათ საყურადღებოდ, რომლებიც სასწავლო ვიზის მოთხოვნით შედიან აშშ საკონსულო განყოფილებაში გასაუბრებაზე, არ გამოტოვოთ სოციალური მედიის გრაფა და აუცილებლად მიუთითეთ იქ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშები, რომელთა გამოტოვებაც კი შეიძლება ვიზაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.

Share this content:

Previous post

ნატურალიზაციის გზით ლატვიის მოქალაქეობის მინიჭება 58 პირისთვის იგეგმება.

Next post

ჩვენი მომსახურების კლიენტს: 60 წლის ქალბატონს მისცეს ამერიკის სასტუმრო ვიზა, მანამდე ჰქონდა უარი, ნამყოფია რამოდენიმე ევროპის ქვეყანაში, მიდის დაქალთან სტუმრად, ქორწინებაშია, მოქალაქეობა – საქართველო.