ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის შესახებ წერილს გაუგზავნის – კალასი შესაძლო შეჩერების შესახებ აფრთხილებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე დაადასტურა, რომ განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული “სერიოზული უკუსვლის” გამო.

“ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლებს შეაცვლევინებს”, – თქვა კალასმა.

მის სიტყვებით ევროკავშირმა მოამზადა ზომების სია, დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, გამოტანილი „არაპროპორციული სასჯელების“ საპასუხოდ. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიუთითებს სასამართლო სისტემის პრობლემებზე, რომელიც, მისი თქმით, რეპრესიული აპარატის ნაწილია.

კალასმა ასევე დაადასტურა, რომ სანქციების ახალ პაკეტში ორი ქართველი მოსამართლის სახელიცაა. მისი თქმით, სანქციებთან მიმართებით ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა ადრეც იყო, მაგრამ მსჯელობა გრძელდება . უნგრეთი და სლოვაკეთი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ ემხობოდნენ.

“დღეს საქართველოს გავუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ასე რომ, მათ ექნებათ გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ და თუ ამ ვადაში ეს პირობები არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს”, – თქვა კალასმა, თუმცა არ დაუზუსტებია რა ვადები იქნება მითითებული წერილში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საუბარია 31 აგვისტომდე.

Share this content: