ქართველებისთვის პოლონეთში დასაქმება გართულდება – ემიგრანტი
„ჩემთვის, ემიგრანტისთვის ცოტა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, როგორ უნდა მოიქცეს ხალხი საქართველოში. ასე თუ ისე, მე უარი ვთქვი ამ პროცესებში მონაწილეობაზე, მაგრამ ევროკავშირის სიკეთეები ყველაზე მაღლა დგას ჩემთვის“, – გვითხრა ნინო მახარაძემ, როცა მას ვკითხეთ, კიდევ რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა, როგორ უნდა გააგონონ ხმა ხელისუფალს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას საფრთხე არ დაემუქროს. ნინო მახარაძე უკვე 3 წელია ოჯახთან ერთად ემიგრაციაშია.
- ქალბატონო ნინო, რატომ გადაწყვიტეთ წასვლა და რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ იმ გარემოებამ, რომ შესაძლოა შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია, რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა შევინარჩუნოთ?
უკვე სამი წელია პოლონეთში ვცხოვრობ მეუღლესთან და შვილთან, ცხრა წლის გოგოსთან, ასევე დედასთან ერთად. დასაქმებული ვარ – წამოვედით ლეგალური გზით და ამიტომ ავირჩიეთ პოლონეთი, ყველაზე მარტივი იყო აქ ლეგალურად ცხოვრება, დასაქმება და ასე შემდეგ. თავიდანვე ხანგრძლივად ვაპირებდით დარჩენას – მინიმუმ იქამდე, სანამ ბავშვი სკოლას დაამთავრებს. გადაწყვეტილების ერთ-ერთი, მთავარი მიზეზი იყო ბავშვის მომავალი.
ერთ-ერთ სასტუმროში დასუფთავების მიმართულებით ვმუშაობ. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ საქართველოში არც მიცდია, სხვა პროფესიით ვმუშაობდი, ძირითადად მარკეტინგში და მენეჯმენტში. საქართველოში ძალიან რთული იყო სრულყოფილად ცხოვრება იმ შემოსავლით, რაც მქონდა, ოჯახის და შვილის რჩენა.
მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნებას აღარ ვფიქრობთ, მინიმუმ იმიტომ არის მნიშვნელოვანი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება, რომ მარტივად შევძლო საქართველოში ჩასვლა, ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვა ან პირიქით, ისინი ჩამოვიდნენ ჩემთან. მაგალითად, ჩემი და წელიწადში მინიმუმ ორ-სამჯერ ჩამოდის, ის საქართველოში ცხოვრობს. პირველი რაც ვიფიქრე, როცა გავიგე, რომ შეიძლებოდა ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს, იყო ის, რომ ძალიან გაგვირთულდება ოჯახის წევრების ნახვა.
ჩემი მეუღლის მშობლებიც ჩამოდიან, მეგობრებიც. ალბათ მეათედი იქნება იმის შანსი, რომ ჩამოვიდნენ სტუმრად ჩვენთან – ვიზის აღება დასჭირდებათ, რაც ძალიან რთულია. ზოგ შემთხვევაში უარსაც კი ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეებს.
- თქვენ რა პერიოდულობით ახერხებთ ჩამოსვლას საქართველოში?
ვიყავი შარშან, ოქტომბერში. მაქსიმალურად ვარიდებ თავს საქართველოში ჩამოსვლას – არ არის მარტივი ჩვენთვის იმ ყველაფრის ყურება, რაც ხდება საქართველოში. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, დამეტოვებინა ადგილი, სადაც 30 წელი ვიცხოვრე და ახალი გარემო შევქმნა სხვა ქვეყანაში, ენის ცოდნის გარეშე, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ნორმალურად გვეცხოვრა.
პირველი კულტურული შოკი მქონდა მაშინ, როცა დავინახე ასაკოვანი, პენსიონერი ადამიანები, როგორ ფერადად და მხიარულად გამოიყურებიან აქ, როგორ ზრუნავენ საკუთარ კეთილდღეობაზე და ბედნიერებაზე. გამახსენდა ორივე ბებია და ბაბუა, არცერთი აღარ არის ცოცხალი სამედიცინო სფეროს პრობლემების გამო. გამახსენდა და შემეცოდა ჩვენი წინა თაობები.
მიუხედავად იმისა, რომ არ არის დიდი ხანი, რაც პოლონეთი ევროკავშირის წევრია, აქ მაინც დიდია ევროკავშირის სიკეთეები.
ჩემთვის, როგორც დედისთვის, კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ საქართველოში ძალიან მეშინოდა ბავშვის კვების, რას ჭამდა ჩემი შვილი. თითქმის არანაირი კონტროლი არ არის… თითქმის შეუძლებელი იყო ყოველდღიურად გეყიდა შვილისთვის ყველი, ხორცი.
ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო, რომ აქ ჩამოვედით. ევროკავშირი მკაცრად აკონტროლებს საკვებს, დანამატებს და შედარებით მშვიდად ვარ. შედარებით მეტი შესაძლებლობა მაქვს ხარისხიანი პროდუქტის ყიდვის და ნაკლები სტრესი.
- ალბათ იცნობთ პოლონეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც გარკვეული ვადით – სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩამოვიდნენ. მას შემდეგ, რაც დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა შეუჩერდეს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, როგორ განიხილება ეგ საკითხი ქართველებს შორის?
ჩვენთვისაც არ იყო მარტივი მოსასმენი, ყველას გვეშინია, რომ ჩვენც შეგვექმნება პრობლემები, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მინიმუმ იმიტომ, რომ პოლონეთისთვის აღარ ვართ სასურველი, არც დასაქმების სფეროში. მე კი ვაპირებ დარჩენას, მაგრამ მინიმუმ 5 წელზე მეტი უნდა იცხოვრო, რომ შეძლო ხანგრძლივად ცხოვრების უფლების მოთხოვნა.
რა თქმა უნდა, გაცილებით გართულდება დასაქმება ქართველებისთვის. შეიცვალა ის, რომ ტაქსიზე მომუშავე ქართველებს აქაური საცხოვრებელი და მუშაობის უფლების გარეშე აღარ შეუძლიათ იმუშაონ, უნდა ჰქონდეთ პოლონური მართვის მოწმობა, უნდა გადაცვალონ და ვერ ცვლიან, არ აქვთ არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი. დამსაქმებლები აღარ განიხილავენ ქართველებს.
ჩანაცვლება ყოველთვის შეიძლება, ქართველი იქნება თუ უკრაინელი. შესაბამისად, რაც უფრო მარტივია, იმ არჩევანს აკეთებენ. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ჯერ კიდევ მუდმივი ცხოვრების უფლების გარეშე, პრობლემა იქნება მოგზაურობა. წინა კვირას ვიყავი იტალიაში, ქართული პასპორტით გადავედი, არანაირი კონტროლი არ არის ევროპიდან ევროპაში გადასვლის დროს და დავბრუნდით მშვიდად. მაგრამ თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, შესაბამისად, დაიწყებენ საბუთების კონტროლს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ახალი შთაბეჭდილებები, ახალი ქვეყანა, ადამიანები.
ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს არასამთავრობო სექტორში, კარგა ხანია დაეწყოთ პრობლემები – შემოსავალი დაკარგეს ადამიანებმა, ცხოვრება თავზე დაენგრათ.
- გარდა საინფორმაციო საშუალებებისა, რითაც ალბათ ძირითადად იგებთ საქართველოში რა ხდება, პირდაპირი კომუნიკაციითაც ფაქტობრივად იცით ყოველდღიურად რა ხდება აქ. თქვენი აზრით, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროტესტის ხმამ შედეგი გამოიღოს?
ადამიანებმა უნდა დაინახონ სრული სურათი. უნდა დაინახონ, რომ მარტო მათი კეთილდღეობა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია საზოგადოების და მომავლის კეთილდღეობა. ჩემთვის აქედან სურათი არის ორნაირი: ერთი მხარე, რომელსაც დახუჭული აქვს თვალი, სინდისზე ხელი აქვს აღებული და უბრალოდ ცხოვრობს, წყლის დინებას მიჰყვება. „აბა ომი გინდას“ პრინციპით აგრძელებენ ცხოვრებას.
მეორე კატეგორიას სრულად გააზრებული აქვს რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა.
ზუსტად ეს არის ყველაზე სტრესული საქართველოში, რომ ორივე მხარეს არის შენი ახლობელი, ვერ ახერხებ ისე გამოხატო აზრი, რომ არ აწყენინო მხარეს, რომელიც „აბა ომი გინდას“ პრინციპით ხმას არ იღებს. მაგრამ თუ არ აწყენინებ, მაშინ რუსეთში მოგიწევს ცხოვრება.
- ამ მხარისთვის არაფერი იცვლება, როცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დგას დღის წესრიგში? – ყველას შეიძლება ჰყავდეს ახლობელი, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება მიიღოს ევროპული სერვისი, პირდაპირ რომ ვთქვათ, გადარჩეს. ამაზე ისინი არ წუხან, არ დარდობენ?
არა. ყოველთვის შეიძლება იმ იდეის გამართლება, რასაც ემხრობა ადამიანი. ამ შემთხვევაში, იდეა არ არის გააზრებული, მაგრამ იდეა ის არის, რომ სახელმწიფოს არ უნდა ომი და უნდა მშვიდად ცხოვრება. ეს ადამიანები მზად არიან ყველაფერზე თვალი დახუჭონ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი პრობლემა და თვითონაც დგანან ამ პრობლემის წინაშე, მაინც ეძებენ გამართლების მიზეზს. ადამიანს როცა არ გინდა, ვერ ხედავ და როცა გინდა, ხედავ.
საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციასთან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს, ყოველთვის მქონდა შიში და უნდობლობა მის მიმართ. აქ სანდო და მეგობრული დამოკიდებულება გაქვს – იცი, რომ როცა დაგჭირდება, დაგეხმარებიან და არავინ არაფერს არ მოგიგონებს, არავინ არაფერს ჩაგიდებს, არავინ არავისი მონა არ არის, ყველას შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება.
ჩემთვის, როგორც ემიგრანტისთვის, ცოტა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, როგორ უნდა მოიქცეს ხალხი საქართველოში – მე ასე თუ ისე, უარი ვთქვი, მონაწილეობის მიღებაზე ამ პროცესებში. მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ვნახო საქართველო ისეთი, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, თუნდაც პოლონეთი, იტალია, ესპანეთი. ყველაფერს აქვს თავისი პლუსი და მინუსი, მაგრამ ევროკავშირის სიკეთეები ყველაზე მაღლა დგას ჩემთვის.
როგორც აღმოჩნდა, პროპაგანდას ძალიან დიდი ხანია ეწევა ხელისუფლება. მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ კრიტიკულ აზროვნებას ნუ დაკარგავენ, მოიძიონ ინფორმაცია, შეისწავლონ საკითხი, უბრალოდ ნუ ენდობიან ადამიანებს, რომლებიც ეუბნებიან, რომ ეს თეთრია და ეს შავი.
საქართველო დგას გზის გასაყარზე. დიდი იმედი მქონდა, რომ არჩევნებზე ეს გადაწყდებოდა. მე და ჩემი მეუღლე ვროცლავიდან წავედით ვარშავაში, ვიმგზავრეთ 6 საათი, ხმა მივეცით… სამწუხაროდ, ისე არ დასრულდა, როგორც ვფიქრობდით.
- თქვენ ამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი როგორ გარემოში გეყოლებათ. მოკლედ რომ მოგვიყვეთ, რას სთავაზობს ევროპა ბავშვს. ჩვენი მთავრობის წევრები შვილებს ასწავლიან ევროპაში – არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ სკოლის ასაკის ბავშვებსაც კი ევროპაში უშვებენ განათლებისთვის.
სახელმწიფო, 18 წლამდე ბავშვს ყოველთვიურად უხდის გარკვეულ თანხას იმისთვის, რომ მისი ხარჯები დაიფაროს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სკოლაში სწავლობენ. სკოლის დაწყების წინ, ყოველ წელს შეგიძლია შეავსო განაცხადი და ამ შემთხვევაშიც გირიცხავენ გარკვეულ თანხას, რომ შეიძინო წიგნები, რვეულები და ასე შემდეგ.
ჩემი შვილი გადადის მეოთხე კლასში. პირველი სამი წელი გაატარა ნიშნების გარეშე, შეჯიბრებითობის გარეშე, ჯანსაღ გარემოში. ყველაზე მთავარი იყო, როგორც აფასებდა მასწავლებელი ბავშვს, ჯგუფში მუშაობა როგორ შეუძლია და როგორ შეუძლია დაეხმაროს სხვებს გამოსავლის მოძებნაში, ან როგორი მეგობრულია.
ვიცით, საქართველოში, როგორი დაძაბულები არიან ბავშვები გაკვეთილზე, რამდენ დავალებას აძლევენ სახლში, როგორი სტრესი აქვთ ამის გამო და ნამდვილად არ მინდოდა, რომ ეს ჩემს შვილს გამოეცადა. არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი გზა განათლების მისაღებად.
პოლონეთს არ აქვს ძალიან განვითარებული და დახვეწილი განათლების სისტემა, ჯერ კიდევ ბევრი ლაფსუსია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხოვრებისეულ უნარებს, რაც სამომავლოდ უნდა გამოადგეს ბავშვს, დიდ ყურადღებას აქცევენ.
ყველაფერი ისეა მიწოდებული, რომ ბავშვმა თავისი ასაკისთვის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია. ბავშვებს არ აქვთ სოციალური ქსელები. არ ვფიქრობ, რომ მეოთხე კლასელ ბავშვს სოციალური ქსელი შეიძლება ჰქონდეს და ეს იყოს უსაფრთხო.
მე-3 კლასის შემდეგ ირჩევ განსხვავებულ კლასებს – სპორტით უფრო მეტად გინდა დაკავდე, თუ ჩვეულებრივი საგნები გააგრძელო მე-8 კლასამდე.
მე-8 კლასის შემდეგ იმის მიხედვით ემზადები, უნივერსიტეტში გინდა ჩაბარება თუ პროფესიულ სასწავლებელში, ანუ ძალიან დიდი არჩევანია. არავინ გეუბნება, სკოლას რომ დაამთავრებ, ჩააბარე ეგრევე უნივერსიტეტში. არ არის საჭირო ყველასთვის უმაღლესი განათლების მიღება.
მე, მაგალითად, არასდროს ჩავაბარებდი იურიდიულზე, ჩემი შვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი და მქონოდა ამდენი ინფორმაცია. ზუსტად ამის იმედი მაქვს, რომ ნახავს ყველაფერს, შეაფასებს თვითონ და მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ ურჩევნია ცხოვრება და იქნება ბედნიერი.
მე, პირადად, პოლონეთში ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე ჩემი თავის და ჩემი სურვილების გაცნობა – მეტი დრო გამიჩნდა საკუთარი თავისთვის.
- უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე საუბრის დროს მთავრობა უკვე ეუბნება ადამიანებს, რომ „მერე რა მოხდა, ვიზით ვივლით“…
როცა არის რაღაც კარგი, რატომ ურთულებენ ადამიანებს ცხოვრებას? უბრალოდ უნდათ, რომ წაიღონ. არ მესმის, რატომ უნდათ გაურთულონ თავისივე მოქალაქეებს ცხოვრება?
მე წარმომავლობით ჭიათურიდან ვარ და ჭიათურელებს და საჩხერლებს არ უყვართ ერთმანეთი, სულ კინკლაობენ. ჩემთვის ალბათ ორმაგად უფრო არასასიამოვნოა ამ საკითხზე ლაპარაკი, მაგრამ ერთი ადამიანის ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყანა.
საქართველო იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ სამართლიანად მოექცნენ. ასე უსამართლოდ არ უნდა აღუკვეთონ თავისუფლება, პირველ რიგში მზია ამაღლობელს, ანდრო ჭიჭინაძეს და უამრავ, უამრავ კარგ ადამიანს – ახალგაზრდებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიან უსამართლოდ არიან ახლა ციხეში. ეს, პირველ რიგში, ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და შემდეგ თავად ამ ადამიანებისთვის.
https://batumelebi.netgazeti.ge
Share this content: