აშშ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზებს 3 თვეზე მეტი ვადით აღარ გასცემს.
აშშ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზებს 3 თვეზე მეტი ვადით აღარ გასცემს
მიმდინარე წლის 2 აპრილიდან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტულ და ბიზნეს, იგივე B1 და B2 კატეგორიის ვიზებს მხოლოდ ერთჯერადად გასცემს, ნაცვლად აქამდე არსებული 10-წლიანი მულტივიზის აღების შესაძლებლობისა.
საქმე ისაა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა “სავიზო საგარანტიო საპილოტე პროგრამა”, 49 სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოზეც გაავრცელა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში ბიზნესისა და ტურიზმის მიზნით B1 ან B2 კატეგორიის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე ფინანსური გარანტიის (ე.წ. ბონდის) წარდგენა მოუწევთ. ასეთ შემთხვევაში, ვიზები აშშ-ში ერთჯერად შესვლას უზრუნველყოფს, ვიზის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში, არაუმეტეს 30 დღის ვადით.
აღნიშნული საპილოტე პროგრამა სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის 5 აგვისტოს აამოქმედა. ფინანსური ვალდებულების დაწესებით, პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ვიზიტორთა საკუთარ ქვეყნებში დროულად დაბრუნება.
ვიზის ვადის გადაცილების მაჩვენებლები B1/B2 კატეგორიის ვიზების სტატისტიკას ეფუძნება, რომელიც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის “ქვეყანაში შემოსვლის/გასვლის ვადაგადაცილების” 2024 ფისკალური წლის ანგარიშშია ასახული.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ, B1/B2 კატეგორიის ვიზებით, ვადაგადაცილების მაჩვენებელი 2024 წელს 7.43% იყო. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით, აშშ ვადაგადაცილების შემდეგ საქართველოს 690-მა მოქალაქემ დატოვა.
რა უნდა იცოდეთ აშშ-ის ვიზის ახალი საგარანტიო მოთხოვნების შესახებ?
ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მოგზაურობს ამ 50 ქვეყნიდან ერთ-ერთის მიერ გაცემული პასპორტით და სხვა მხრივ აკმაყოფილებს B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, ვალდებულია, წარადგინოს 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარის ოდენობის ფინანსური გარანტია. თანხის ოდენობა განისაზღვრება სავიზო ინტერვიუს დროს.
ამასთან, აპლიკანტმა უნდა შეავსოს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის I-352 ფორმა და დაეთანხმოს ბონდის პირობებს სახაზინო დეპარტამენტის ონლაინ საგადახდო პლატფორმის (Pay.gov) მეშვეობით. ეს მოთხოვნა მოქმედებს მიუხედავად იმისა, თუ სად კეთდება განაცხადი ვიზაზე.
აპლიკანტებმა საგარანტიო თანხის წარსადგენად I-352 ფორმა მხოლოდ საკონსულოს ოფიცრის მითითების შემდეგ უნდა შეავსონ. ისინი მიიღებენ პირდაპირ ბმულს Pay.gov-ზე გადასახდელად. დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ვებგვერდის გამოყენება. აშშ-ის მთავრობა არ არის პასუხისმგებელი მის სისტემებს გარეთ გადახდილ თანხებზე.
საგარანტიო თანხის გადახდა არ იძლევა ვიზის გაცემის გარანტიას. თუ პირი საფასურს საკონსულოს ოფიცრის მითითების გარეშე გადაიხდის, თანხა უკან არ დაუბრუნდება.
სავალდებულო სასაზღვრო-გამშვები პუნქტები
გარანტიის პირობის თანახმად, ვიზის ყველა მფლობელმა, რომელმაც საგარანტიო თანხა დაფარა, შეერთებულ შტატებში შესვლა და ქვეყნის დატოვება მხოლოდ ქვემოთ მითითებული გამშვები პუნქტების გავლით უნდა განახორციელოს. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყანაში შესვლაზე უარი ან გასვლის არასწორად დაფიქსირება. დაუყოვნებლივ ამოქმედებული წესით, ნებადართული გამშვები პუნქტებია:
ყველა კომერციული საჰაერო პორტი, საბაჟო და საზღვრის დაცვის (CBP) წინასწარი შემოწმების ლოკაციების ჩათვლით:
ბოსტონის ლოგანის საერთაშორისო აეროპორტი (BOS)
ჯონ ფ. კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (JFK)
ვაშინგტონის დალესის საერთაშორისო აეროპორტი (IAD)
ნიუარკის ლიბერტის საერთაშორისო აეროპორტი (EWR)
ატლანტას ჰარტსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტი (ATL)
ჩიკაგოს ო’ჰარის საერთაშორისო აეროპორტი (ORD)
ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი (LAX)
ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტი (YYZ)
მონრეალის პიერ ელიოტ ტრიუდოს საერთაშორისო აეროპორტი (YUL)
აკრძალულია ჩარტერული, ზოგადი ავიაციის, სახმელეთო ან საზღვაო გამშვები პუნქტების გამოყენება.
რა შემთხვევაში ბრუნდება გადახდილი თანხა?
დეპოზიტი ავტომატურად გაუქმდება და თანხა უკან დაბრუნდება შემდეგ შემთხვევებში:
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დააფიქსირებს, რომ ვიზის მფლობელმა აშშ დატოვა ნებადართული ვადის ამოწურვამდე ან ზუსტად იმ დღეს.
ვიზის მფლობელი არ გაემგზავრება აშშ-ში ვიზის ვადის ამოწურვამდე.
ვიზის მფლობელს აშშ-ის გამშვებ პუნქტზე ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყვიან.
დეპოზიტის გაუქმების შემთხვევაში, განმცხადებელს ექნება თანხის სრულად დაბრუნების უფლება. ამ საპილოტე პროგრამის ფარგლებში გაცემულ და გაუქმებულ სავიზო ბონდებზე/დეპოზიტზე პროცენტი არ დაერიცხება. დეპარტამენტი ასევე მიაწვდის განმცხადებელს შეტყობინებას- “საიმიგრაციო ბონდი გაუქმებულია” (ფორმა I-391), რაც ბონდის პირობების შესრულებას ადასტურებს.
გარდა ამისა, ვიზის მფლობელს შეუძლია, ბონდის ანუ საგარანტიო თანხის გაუქმების პროცედურა მექანიკურადაც დაიწყოს, აშშ-ის დატოვებიდან 30 დღის განმავლობაში, შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით, ან იმ შემთხვევაში, თუ ვიზის მფლობელს სურს ბონდის გაუქმება ვიზის ვადის გასვლამდე და მოგზაურობის გარეშე.
კონსული ამ შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამტკიცებს, თუ დაადასტურებს, რომ ვიზის მფლობელის აშშ-ში ვადაგადაცილებით ყოფნა არ ფიქსირდება.
ვიზის მფლობელმა უნდა წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მან დატოვა შეერთებული შტატები ნებადართული ყოფნის ვადის ამოწურვამდე ან ზუსტად ამ დღეს. აშშ-დან დროულად გამგზავრების დასადასტურებლად კონკრეტული სავალდებულო დოკუმენტები არ არსებობს. მოგზაურებს შეუძლიათ კონსულს წარუდგინონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის (მაგრამ არამხოლოდ):
აშშ-ის დასატოვებლად გამოყენებული ჩასხდომის ბარათების (boarding passes) ორიგინალი ასლები;
პასპორტში არსებული შესვლის ან გასვლის შტამპების ფოტოასლები, რომლებიც მიუთითებენ აშშ-ის დატოვების შემდეგ სხვა ქვეყანაში შესვლაზე (მოგზაურმა უნდა გადაიღოს პასპორტის ყველა იმ გვერდის ასლი, რომელიც არ არის სრულიად ცარიელი და თან დაურთოს ბიოგრაფიული გვერდი, რომელიც შეიცავს მის ფოტოს);
სხვა დამხმარე მტკიცებულებების ფოტოასლები, როგორიცაა:
დამსაქმებლის მიერ გაცემული დათარიღებული სახელფასო ქვითრები ან ვაუჩერები, რაც მიუთითებს აშშ-ის დატოვების შემდეგ სხვა ქვეყანაში მუშაობაზე;
დათარიღებული საბანკო ამონაწერები ტრანზაქციების შესახებ, რაც ადასტურებს აშშ-ის დატოვების შემდეგ სხვა ქვეყანაში ყოფნას;
საგანმანათლებლო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს აშშ-ის დატოვების შემდეგ შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მდებარე სასწავლებელში დასწრებას; და
დათარიღებული საკრედიტო ბარათის ქვითრები მოგზაურის სახელით (საკრედიტო ბარათის ნომრის დაფარვით/წაშლით), რომლებიც გაცემულია აშშ-ის დატოვების შემდეგ განხორციელებულ შესყიდვებზე.
ვიზის მფლობელს შესაძლოა ასევე მოეთხოვოს იმის დამტკიცება, რომ შეერთებულ შტატებში დაშვების პერიოდში იცავდა თავისი სტატუსის პირობებს. ამის შემდეგ საკონსულოს ოფიცერი შეაფასებს მიღებულ ინფორმაციას, რათა მიიღოს წინასწარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეასრულა თუ არა განმცხადებელმა ბონდის პირობები, თუ ადგილი ჰქონდა მათ დარღვევას.
რა შემთხვევაში არ ბრუნდება გადახდილი თანხა?
თუ არსებობს ვარაუდი, რომ ვიზის მფლობელმა დაარღვია პირობები, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურს (USCIS) გადასცემს. ეს პროცედურა დარღვევის ფაქტის დასადგენად ხორციელდება და მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) შემდეგ სიტუაციებს:
დოკუმენტაციის მიხედვით, პირმა აშშ დატოვა ნებადართული ვადის გასვლის შემდეგ.
პირი რჩება აშშ-ში ნებადართული ვადის ამოწურვის შემდეგ და არ ტოვებს ქვეყანას.
ვიზის მფლობელი ითხოვს არაიმიგრანტის სტატუსის შეცვლას, მათ შორის, ითხოვს თავშესაფარს.
რომელ ქვეყნებზე ვრცელდება სავიზო საგარანტიო საპილოტე პროგრამა?
საქართველოსთან ერთად, 18 მარტს ჩამონათვალს 11 ქვეყანა დაემატა: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი.
მანამდე პროგრამა 38 ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. ესენია: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნიმბია, ნეპალი, ნიგერია, საო-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.
როდემდე იმოქმედებს აღნიშნული შეზღუდვა?
საპილოტე პროგრამა ძალაშია 2026 წლის 5 აგვისტომდე. პროგრამის მოქმედების პერიოდში, საგარანტიო თანხის (ბონდის) გადახდისგან გათავისუფლებაზე განაცხადის შეტანის პროცედურა არ იმოქმედებს.
Share this content:


