შვეიცარია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლას უჩერებს.
3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ვიზები დასჭირდებათ. გადაწყვეტილება, რომელიც შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს მიიღო, ძალაში ერთი წლის განმავლობაში დარჩება.
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თაობაზე „წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას“, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა შენგენის ზონაში შედის.
6 მარტიდან, ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. ევროკომისიამ მაშინ განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება 12 თვის განმავლობაში იქნება ძალაში და 24 თვემდე ვადით გაგრძელდება, თუ „საქართველოს ხელისუფლება არ მოაგვარებს მმართველობასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს“.
რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, მათზე შვეიცარიის შეზღუდვა არ გავრცელდება და ევროკავშირსა და შვეიცარიაში ისინი კვლავ უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ.
This post is also available in: English
Share this content:


